ქრისტიანული სიმბოლოები

აარონის კვერთხი
კვერთხის, არგანის ან წნელის გამოსახულება, რომელზეც ნუშის ყლორტები, ყვავილები და (ან) ნაყოფია ამოსული. სიუჟეტის პირველწყაროა ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნი: „...და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი - ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოიბა ნუში“ (17:8). აარონის კვერთხი მარიამ ღვთისმშობლის მიერ იესო ქრისტეს ხორციელად შობის სიმბოლოა.

აბრაამის წიაღი
აბრაამის წიაღი ღმერთზე მინდობილი, პატრიარქის საფარველის ქვეშ მყოფი ადამიანების მფარველობის სიმბოლოა. უამრავ რომაულ და ადრეულ გოტიკურ ნაწარმოებებში (მოზაიკა, რომის ტაძარი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) ფიგურირებს ბიბლიური პატრიარქი, რომელსაც მუხლებზე ხელსახოცი აქვს დაფენილი, ხოლო ხელსახოცზე პატარა ბავშვებივით სხედან ჭეშმარიტ მორწმუნეთა სულები. მართალია, სიტყვა „წიაღი“ დედობრივ წიაღთან და ქალურ საწყისთან ასოცირდება, მაგრამ დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ძველებრაული წარმოდგენა „პატრიარქის წიაღის“ შესახებ. ეს იყო წინაპარი, რომელსაც სამოთხეში განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, ხოლო ამქვეყნად მრავალრიცხოვანი შთამომავლობითა და სიმდიდრით იყო კურთხეული. აბრაამის წიაღი - ზეცაა.

ანგელოზი
ანგელოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაცნეს“, „მაუწყებელს“. იგი ადამიანებთან ღმერთის სიახლოვისა და სიფხიზლის სიმბოლოა. ძველი აღთქმის მიხედვით ანგელოზები ღმერთის მიერ შექმნილი სულიერი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებს ღვთის ნებას აცნობენ და მიწაზე უფლის ბრძანებებს ასრულებენ. ახალ აღთქმაში ანგელოზები იესო ქრისტესა და მის ეკლესიას ემსახურებიან. ისინი ეცხადებიან ადამიანებს და ღვთის ნებას აუწყებენ, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. ანგელოზებმა ახარეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მეორედ მოსვლის გარდუვალობა და ა.შ. „წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. და შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“ (ლუკ 1:26-28). ღმერთმა ანგელოზები ხილული სამყაროს შექმნამდე გააჩინა. ისინი სულიერი და უსხეულო არსებები არიან. მათთვის არ არსებობს ადამიანებისთვის დამახასიათებელი სივრცული დაბრკოლებები. ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. პირველად ამის შესახებ პავლე მოციქული გვამცნობს: „...მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი“ (კოლ 1:16). ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფსევდოდიონისე არეოპაგელის ტრაქტატის „ციური იერარქიის შესახებ“ თანახმად, ანგელოზები სამ იერარქიად იყოფიან, რასაც ღმერთთან მეტ-ნაკლები სიახლოვის ფაქტორი განაპირობებს.


არწივი
არწივი აღდგომის სიმბოლოა. მის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს უძველესი ლეგენდა. არწივს პერიოდულად გაახალგაზრდავება შეეძლო. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ახლოს მიფრინდებოდა მზესთან, ხოლო შემდეგ ტბაში ან ჩანჩქერში შურდულივით ჩაყვინთავდა. არწივის სწრაფვამ განახლებისკენ გამოხმაურება ჰპოვა ფსალმუნებშიც: „...ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა“ (102:5). ხშირად ეს ფრინველი ქრისტიანის სულს და იმ ახალ ცხოვრებას განასახიერებს, რომელიც ნათლობის ემბაზიდან იწყება. „ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ, ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები...“ (ეს 40:31). არწივს შესწევს ძალა, რომ ნარნარით იფრინოს თვალუწვდენელ სიმაღლეზე და თვალი გაუსწოროს შუადღის მხურვალე მზეს. ამ თვისებებმა იგი ქრისტეს სიმბოლოდ აქცია.


აქლემი
აქლემს დიდი ხანი შეუძლია გაძლოს უწყლოდ. ამ თვისების გამო ეს ცხოველი თავშეკავების სიმბოლოა. აღმოსავლეთში იგი სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა და არა მხოლოდ საპალნე ცხოველის ფუნქციას ასრულებდა, არამედ მეუფებისა და დიდების ნიშანსაც ატარებდა. ტვირთი, რომელსაც აქლემი ეზიდებოდა, საკმაოდ დიდი თანხა ღირდა. აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში აქლემის ფიგურა ბიბლიის აღმოსავლური სიუჟეტების გამოსახატავად გამოიყენებოდა. მაგალითად, შობის ღამეს ყრმა ქრისტეს თაყვანსაცემად აღმოსავლეთიდან ბეთლემში მოსული მოგვები. აქლემის ბეწვი იოანე ნათლიმცემლის უცილობელი სიმბოლოა: „იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა“ (მარკ 1:6).
აქლემი ორ მეტრზე მაღალია და თითქმის 1500 ფუნტს იწონის, რის გამოც დიდი ზომის არსებების სიმბოლოდ არის მიჩნეული. ძველად, აქლემი სიმდიდრის ნიშანს წარმოადგენდა. აღორძინების ეპოქაშიც კი, ამ ცხოველების მდიდრული მორთულობა კეთილდღეობასა და წარმატებას გამოხატავდა. ხელოვნებაში ხშირად გამოსახავენ სამ ბრძენს, რომლებიც აქლემებით მიდიან ბეთლემში. ამ სიუჟეტში ეს ცხოველები მუხლებზე დგებიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს. ლეგენდის მიხედვით ბრძენ მოგვთა აქლემები საკვების, წყლისა და დასვენების გარეშე მიდიოდნენ თორმეტი დღის განმავლობაში, რათა დროზე ჩასულიყვნენ ბეთლემში და თაყვანი ეცათ ყრმა იესოსთვის.


ბაბილონის გოდოლი
ბაბილონის გოდოლი ანუ კოშკი ადამიანის თავხედური ქედმაღლობის მითიური სიმბოლოა. წარღვნის შემდეგ „ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა...“ (დაბ 11:1). სემის შთამომავლები დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, იპოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. გააკეთეს აგურები, გამოწვეს ცეცხლში და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მიწვდება“ (დაბ 11:4). გადიდგულებული ადამიანების დასაოკებლად ღმერთმა მათი ენები ისე აღრია, რომ ხალხს აღარ ესმოდა ერთმანეთის, გაფანტა უფალმა ისინი მთელ დედამიწაზე და „მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება“ (დაბ 11:8). თეოლოგები ფიქრობენ, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ნიმროდი, ბაბილონის ლეგენდარული დამპყრობელი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეული).


ბავშვი
ბავშვის დამახასიათებელი თვისებებია სისპეტაკე, პოტენციური შესაძლებლობები, უმანკოება, გულწრფელობა. აქედან გამომდინარე, ბავშვი ბუნებრივი, პირველადი მდგომარეობისა და გულადობის სიმბოლოა. მხარზე შემოსმული ბავშვი წმინდა ქრისტეფორეს გამოხატავს, ხელში აყანილი ბავშვი - წმიდა ვინსენტ დე პოლს, ხოლო ხელში აყვანილი ყრმა ქრისტე - წმინდა ანტონს. გულმოწყალება, პერსონიფიცირებულია ქალის სახით, რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს.


ბარძიმი
ბარძიმი ძვირფასი ლითონისგან (ოქრო, ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისია, რომელშიც ზიარების საიდუმლოს აღსრულების დროს ღვინო იესო ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება. აქედან გამომდინარე, ბარძიმი წმინდა ზიარებისა და ცოდვების მიტევების სიმბოლოა, ვინაიდან ადამიანების ცოდვები ქრისტემ იტვირთა და გამოისყიდა ჯვარზე დაღვრილი სისხლით. ბარძიმის პირველსახე ის ღვინიანი სასმისია, რომელსაც საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა მადლი შესწირა: „აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის“ (ლუკ 22:17).

ხელოვნებაში ბარძიმი ძირითადად ევქარისტიის საიდუმლოს ამსახველ სცენებში და ნატურმორტებში გვხვდება. ხშირად გამოსახავენ ფეშხუმთან (დაბალფეხიანი თეფში, რომელზეც აწყობენ ტარიგს - ნაკვეთ სეფისკვერს) ერთად, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს იესო ქრისტეს საფლავს და ბაგას, სადაც მარიამ ღვთისმშობელმა დააწვინა იესო შობის შემდეგ. ზოგჯერ ნატურმორტებში ბარძიმთან და ფეშხუმთან ერთად გამოსახულია პურის თავთავი და ყურძნის მტევანი, რომლებისგანაც მიიღება ზიარებისთვის აუცილებელი ორი ელემენტი - პური და ღვინო. ბარძიმზე აღმართული ან მასზე გამოსახული ჯვარი სიმბოლურად იესო ქრისტეს მიერ ვნებების დათმენასა და ვნებებთან ბრძოლას გამოხატავს: „ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათ 26:39).


ბეჭედი
ბეჭედი ღმერთის ნიშანია. „ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა: ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ“ (გამოცხ 7:2-3). ეს ბეჭედი ცოცხალი ღმერთის ბეჭედია.
ბერძნულ-რომაულ კულტურაში ბეჭედი დოკუმენტის ჭეშმარიტების დასადასტურებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით იგი კანონიერებისა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას გამოხატავდა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეკარი მოწმობა, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეთა შორის“ (ეს 8:16). სხვა ნიშნებისა და შტამპების მსგავსად, ბეჭედი საკუთრებისა და აშკარად გამოხატული ინდივიდუალურობის ნიშანია. ცვილის ბეჭედი ქალწულობის სიმბოლოა.


ბორბალი
ბრუნვითი მოძრაობა ღმერთის ძალის სიმბოლოა, რომლის გამოხატულებასაც ცეცხლოვანი ბორბალი წარმოადგენს. იგი ფიგურირებს ადამისა და ევას ედემის ბაღიდან გაძევების ეპიზოდში. „და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზის დასაცავად“ (დაბ 3:24).
ეზეკიელის ხილვაში უფლის ტახტი ოთხ ცეცხლოვან ფრთიან ბორბალს უჭირავს, ხოლო „...ბორბლის ფერსოები სავსე იყო თვალებით ოთხივეს გარშემო“ (ეზეკ 1:18). ამ ისტორიის გავლენით ალმოდებულ ბორბალზე გამოხატული ფრთები და თვალები ანგელოზების (ქერუბიმების) ანუ ღვთის ტახტის ერთ-ერთი ნაწილის სიმბოლიკას წარმოადგენს.
მზის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი ბორბალი ბოროტების სიმბოლოა, ხოლო მზის მოძრაობის მიმართულებით მბრუნავი ბორბალი - სიკეთის. ბორბალი წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის ატრიბუტია, რომელსაც ბორბალზე წამებით სიკვდილი მიუსაჯეს. ბორბალი კაცობრიობის კულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.


ბოძი (სვეტი)
ბოძი მაცხოვრის წამებისა და ვნების სიმბოლოა. გაშოლტვის სცენებში გამოსახულია ბოძზე გაკრულ ქრისტეს ფიგურა, რომელსაც რომაელი ჯარისკაცები მათრახს ურტყამენ. გარდა ამისა, სვეტი იყო სულიერი სიძლიერისა და სიმტკიცის რელიგიური სიმბოლო, რის გამოც იგი სიმტკიცისა და სიმამაცის ალეგორიული ფიგურების ატრიბუტად იქცა. სვეტის ფორმის ბოძებზე ცხოვრობდნენ წმინდა „მესვეტენი“, რომლებიც ღვთის წინაშე დებდნენ აღთქმას არ მიეტოვებინათ თავიანთი ადგილსამყოფელი. გადმოცემის თანახმად, ანტიოქიის მახლობლად, წმინდა სვიმონ მესვეტე ორმოცი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თხუთმეტი მეტრის სიმაღლის სვეტზე. მას ერთხელაც არ მიუტოვებია თავისი ადგილსამყოფელი, თუმცა ეშმაკი, რომელმაც უზარმაზარი გველის სახე მიიღო და გარს შემოეხვია სვეტს, ცდილობდა დაერღვია მისი მყუდროება.



ბროწეული
ქრისტიანულ სიმბოლიკაში ბროწეულის ნაყოფი, რომელიც მარცვლების სიმრავლით გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო მარცვლები ერთ, უნივერსალურ ეკლესიად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ანტიკურ მითოლოგიაში ბროწეული პროზერპინას ატრიბუტი იყო და ყოველ გაზაფხულზე მის დედამიწაზე დაბრუნებას გამოხატავდა. ქრისტიანულ ხელოვნებაში გაზაფხულის დადგომისა და მიწის განახლების ანტიკურმა მნიშვნელობამ ახალი აზრი შეიძინა და აღდგომის იმედისა და უკვდავების სიმბოლო გახდა. ბროწეულის ნაყოფი იმდენად დაფასებული იყო სილამაზისა და გემოს გამო, რომ მღვდელმთავრების ცისფერ სამოსს ან ეფოდს ბროწეულის ნაყოფის გამოსახულებით ამკობდნენ: „და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსის კალთებზე, ირგვლივ“ (გამ 28:33-34).



Comments

Popular posts from this blog

წმინდა ხეები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის სიმბოლიკა

ადგილის დედა